ატმოსფეროს დამაბინძურება

ატმოსფეროს დაბინძურების წყაროები ორი სახისაა _ ბუნებრივი და ხელოვნური (ანთროპოგენური). პირველს მიეკუთვნება ვულკანების მიერ აირებისა და ფერფლის ამოფრქვევა, ტყეებისა და ველების ხანძარი, ნიადაგის, და კოსმოსური მტვერი, უდაბნოს წვრილი ქვიშა, მიკროორგანიზმები, ცხოველთა გამონაყოფები და სხვ. ბუნებრივი წყაროები არ იწვევენ მნიშვნელოვან ცვლილებას ჰაერში.
ატმოსფეროს გაჭუჭყიანების მთავარი და საშიში წყაროებია საწარმოთა, ტრანსპორტისა და საყოფაცხოვრებო გამონაყოფები, ე.ი. ადამიანის საქმიანობის სფერო.
თბოელექტროსადგურები, თბოცენტრალები და საქვაბე დანადგარები ატმოსფეროს ყველაზე მძლავრი დამაბინძურებლები არიან, რომელთა ხვედრითი წილი ატმოსფეროს დაბინძურებაში 27%-ია. ეს საწარმოები გოგირდის მაღალი შემცველობის მქონე, ყველაზე დაბალი ხარისხის ნახშირს იყენებენ საწვავად და ატმოსფეროში გამოყოფენ დიდი რაოდენობით ბოლს, გოგირდის ორჟანგს, ნახშირჟანგს, ნაცარს, ჭვარტლს და ნახშირწყალბადებს. ასეთი სადგურების მახლობლად ყველაფერი დაფარულია ჭვარტლისა და ნახშირის მტვრის სქელი ფენით, ახლომდებარე ჰაერი გაჯერებული და მოწამლულია გოგირდოვანი აირების სუნით. საშუალო სიმძლავრის თბოცენტრალი დღეღამეში გამოყოფს 40 ტ ნაცარს და 20 ტ გოგირდოვან აირს. გარდა ამისა, ქვანახშირი შეიცავს ქრომს, ტყვიას, ვერცხლისწყალს, ვერცხლს, კალას, ტიტანს, ურანს, რადონს, ცერიუმს და სხვა მეტალებს.
შავი მეტალურგია. შავი მეტალურგიის ხვედრითი წილი გარემოს დაბინძურებაში 24,3 %-ია. ამ ქარხნების მიერ ერთ ტონა თუჯზე გამოყოფილ მავნე გამონაყოფში შედის მტვერი 4,5 კგ, SO2-2,7 კგ, Mn-0,5-0,1კგ. ამასთან, ბრძმედის აირებში მცირე რაოდენობით შედის დარიშხანი, ფოსფორის და ტყვიის ნაერთები, ვერცხლისწყლისა და იშვიათი ლითონების ორთქლი, ციანწყალბადები და ფისოვანი ნივთიერებები. შავი მეტალურგიის თანამედროვე საწარმოებს აქვთ ქვანახშირის დაკოქსვის საამქროები, რომლებიც ჰაერს აჭუჭყიანებენ მტვრითა და აქროლადი ნაერთებით.
ფერადი მეტალურგია. ფერადი მეტალურგიის ხვედრითი წილი ატმოსფეროს დაბინძურებაში 8,1 %-ია. ამ საწარმოთა გამონაყოფი აირები შეიცავენ ტოქსიკურ მტვრისებრ ნივთიერებებს: დარიშხანს, ტყვიას, სპილენძს, ალუმინს და სხვ. ელექტროქიმიური წესით ერთი ტონა ალუმინის მიღებისას იხარჯება 33-47 კგ ფტორი, რომლის 65 % ატმოსფეროში გამოიყოფა.
ნავთობმომპოვებელი, ნავთობგადამამუშავებელი და ნავთობქიმიური მრეწველობის აირადი გამონაყოფები ატმოსფეროს აბინძურებენ დიდი რაოდენობით ნახშირწყალბადებით, გოგირდწყალბადით და არასასიამოვნო სუნის მქონე სხვა აირებით. მათი ხვედრითი წილი ატმოსფეროს დაბინძურებაში 15,5%-ია. ნავთობი შეიცავს აგრეთვე ვერცხლისწყლის მნიშვნელოვან რაოდენობას 0,02-30მგ/კგ, რომელიც წვის შემდეგ მთლიანად გამოიტყორცნება ჰაერში.
მანქანების გამონაბოლქვი. ამჟამად მსოფლიოში 400 მილიონზე მეტი მსუბუქი
ავტომანქანაა. ყოველი მათგანი 1000 კმ-ის გავლისას წვავს ადამიანის წლიური ნორმის ჟანგბადს და გამოყოფს 1 ტონამდე CO2, 0,2 ტონა ნახშირწყალბადებს და 0,2 ტონა აზოტის ოქსიდებს. მანქანის გამონაბოლქვში შედის აგრეთვე კანცეროგენული ბენზოპირინი, ალდეჰიდები (აკროდენი და ფორმალდეჰიდი), ტყვიის არაორგანული ნაერთები, რომელიც მიიღება ბენზინის წვისას მასში შემავალი ტეტრაეტილენტყვიისაგან და ჰალოგენიდები, რომლებიც ტყვიის აქროლების გასაზრდელად ემატება ბენზინს, მაგალითად დიბრომმეთანი. სულ ავტოტარნსპორტის ხვედრითი წილი ატმოსფეროს გაჭუჭყიანებაში 13,1 %-ია.
ქიმიური მრეწველობის საწარმოთა მავნე გამონაყოფებია ნახშირორჟანგი, აზოტის ოქსიდები, გოგირდოვანი ანჰიდრიდი, ამიაკი. არაორგანულ ნივთიერებათა
გადამამუშავებელი საწარმოებიდან გამოყოფილი მტვერი, გოგირდწყალბადი, გოგი-
რდნახშირბადი, ქრომისა და ფტორის ნაერთები და ა. შ.
საბურავების ცვეთის შედეგად თითო ავტომანქანა ყოველწლიურად გამოყოფს 10 კგ-მდე რეზინის მტვერს.
ქვანახშირის მოპოვებისას ატმოსფეროს გაჭუჭყიანების წყაროა ფუჭი ქანების ნაყარი, რომელთა შიგნითაც მიმდინარეობს თვითწვის ხანგრძლივი პროცესი. ნახშირისა და პირიტის წვის შედეგად გამოიყოფა გოგირდისა და ნახშირბადის ოქსიდები და ფისოვან ნივთიერებათა გამოხდის პროდუქტები.
სინთეზური კაუჩუკის საწარმოები ატმოსფეროში უშვებენ ისეთ მომწამვლელ
ნივთიერებებს, როგორებიცაა სტიროლი, დივინილი, ტოლუოლი, აცეტონი, იზოპრენი და სხვა.

წყარო: “სოფლის მეურნეობის ქიმიზაცია და  გარემოს დაცვა”
ავტორები: ა. თხელიძე, რ. ლიპარტელიანი, ნ. მუმლაძე, ხ. ხომასურიძე, გ. დანელია.
გვ.63-დან 64გვ.-ის ჩთ.

No comments:

Post a Comment