Wednesday, January 29, 2014

ჰაერის დაცვა

საქართველოში ატმოსფერული ჰაერი ავტოტრანსპორტიდან, ენერგეტიკული სექტორიდან, სოფლის მეურნეობის დარგებიდან და სამრეწველო ობიექტებიდან წარმოებული ატმოსფერული გაფრქვევებით ბინძურდება. მათგან ურბანიზებული გარემოს ძირითადი დამბინძურებელია ავტოტრანსპორტი და ენერგოსექტორი. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში იზრდება ავტოტრანსპორტის და ენერგოსექტორის მიერ მოხმარებული საწვავის რაოდენობები და შესაბამისად იზრდება ამ სექტორებიდან მავნე ნივთიერებათა ატმოსფეროში გაფრქვევები.
ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის საერთო გაფრქვევებში პირველ ადგილზეა ნახშირჟანგი (CO), შემდეგნახშირწყალბადები (აონ-აქროლადი ორგანული ნივთიერებანი) ∑CH, მეთანი (CH4), მყარი ნაწილაკები(არაორგანული მტვერი), აზოტის ოქსიდები და ამიაკი.
ატმოსფეროს დაბინძურების მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის ენერგეტიკის სექტორზე, ნახშირწყალბადებზე ანუ აქროლად ორგანულ ნაერთებზე (აონ), ნახშირჟანგზე და მყარ ნაწილაკებზე (მტვერზე). ამ სექტორიდან ატმოსფერულ გაფრქვევათა რაოდენობრივი ცვლილების ხასიათი განპირობებულია აქ მოხმარებული ენერგორესურსების (ქვანახშირი, ნავთი, მაზუთი, ბუნებრივი და თხევადი აირი და ა.შ) რაოდენობრივი ცვლილებების ხასიათით. კერძოდ, 2000-2002 წლებში ქვანახშირის მოხმარება შეადგენდა 11.3-12.7 ათას ტონას, თხევადი აირისა 47.9-54.1 ათას ტონას, ნავთის - 54.5-61.5 ათას ტონას, მაზუთის - 15-17 ათ. ტონას, ბუნებრივი აირის - 382-430.7 მლნ მ3, შეშის - 508182 მ3 წელიწადში, დიზელის საწვავის - 118-203 ათას ტონას, ხოლო 2005 და 2006 წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვანახშირის და ბუნებრივი აირის მოხმარება (75.8 ათ.ტ და 1454.9 მლნ მ3 - 2005 წლისთვის, 138.2 ათ.ტ და 1432 მლნ მ3 - 2006 წლისთვის), ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვანახშირისა და ბუნებრივი აირის მოხმარების მნიშვნელოვანმა ზრდამ შესაბამისად განაპირობა ატმოსფერულ გაფრქვევათა ზრდა.
სოფლის მეურნეობის სექტორიდან ატმოსფერული ჰაერი ძირითადად მესაქონლეობის და მეფრინველეობის დარგების მიერ ბინძურდება. ამ დარგებიდან გამოყოფილი მავნე ნივთიერებების რაოდენობები გაანგარიშებულია ხვედრითი გაფრქვევების მახასიათებლის მიხედვით სათანადო საწყის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით. აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით 2006 წელს შემცირდა ქვეყანაში მსხვილფეხა რქოსანი საქონლის რაოდენობა (მაგ. 2003 წელს იყო 1242.5 ათ. სული, 2004 წელს - 1250.7 ათ.სული, 2005 წელს - 1260.4 ათ. სული, ხოლო 2006 წელს - 1163,6 ათ.სული), რამაც განსაზღვრა ამ სექტორიდან ატმოსფერულ გაფრქვევათა ჯამური რაოდენობის შემცირება.

მრეწველობის სექტორიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ატმოსფეროში გაიფრქვევა მტვერი, შემდეგ - აქროლადი ორგანული ნივთიერებანი (აონ-ები). ამ სექტორიდან ატმოსფერულ გაფრქვევათა რაოდენობრივი ცვლილების ხასიათი განპირობებულია აქ წარმოებული პროდუქციის რაოდენობრივი ცვლილების ხასიათით. 2000 წელს 2001 წელთან შედარებით, გაცილებით მეტი რაოდენობით იყო წარმოებული ამიაკი (2000 წელს - 136.2 ათ.ტ და 2001 წელს - 57.9 ათ.ტ) და ამავდროულად მეტი რაოდენობით იყო ნავთობი მოპოვებული (2000 წელს - 109.5 ათ.ტ და 2001 წელს - 98.8 ათ.ტ), რამაც განაპირობა 2001 წელს წინა წელთან შედარებით CO-ს და აონ-ების ჯამურ გაფრქვევათა რაოდენობის შემცირება.

No comments:

Post a Comment