არჩევენ მცენარეების მინერალური მარილებით უზრუნველყოფის სამ მდგომარეობას: არასაკმარის, ნორმალურ და ჭარბ კვებას.
მინერალური მარილების მაღალი ნორმების შეტანა და ნიადაგის დამლაშება იწვევს ხსნარის კონცენტრაციის გადიდებას, რაც უარყოფითად მოქმედებს ყველა მცენარეზე, რადგან მაღალკონცენტრირებული ხსნარებიდან გაძნელებულია ან საერთოდ არ წარმოებს საკვები ელემენტების შეთვისება. თუ მარილების იონები შთანთქმულ წყალხსნარებთან ერთად, მაღალი კონცენტრაციით აღწევენ უჯრედში, მაშინ მცენარის ბედს წყვეტს პროტოპლაზმის მდგრადობა. Na+ და Cl– იონების სიჭარბე ხსნარში ხელს უწყობს პროტოპლაზმის გაჯირჯვებას და გავლენას ახდენს ფერმენტების აქტივობაზე, რაც იწვევს ფოტოსინთეზის პროცესში ენერგიის არასაკმარისი რაოდენობით გამომუშავებას. ამ დროს იცვლება ამინომჟავების შედგენილობა, ირღვევა ცილების ცვლის ციკლი და საბოლოო პროდუქციაში გროვდება ტოქსიკური ნივთიერებები. მარილებისადმი მგრძნობიარე პროტოპლაზმები იღუპება NaCl 1-1,5 % კონცენტრაციის ხსნარებში, ხოლო მარილმდგრადები აგროვებენ 6 % NaCl. სულფატების ტოქსიკურობა ქლორიდებზე ნაკლებია, ხოლო ფოსფატები თითქმის არატოქსიკურია.
მინერალური ნივთიერებების ჭარბმა შეტანამ, შესაძლებელია ტოქსიკური გავლენა იქონიოს მცენარეზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს სიჭარბე ცალმხრივია. ისინი დიდი რაოდენობით გროვდება ფესვებში, ფოთლებში. ამ უკანასკნელიდან წყლის აორთქლების შემდეგ კიდევ უფრო იზრდება მათი კონცენტრაცია, რის გამოც მცენარე ჭარბი მარილების მოსაცილებლად იცვენს ფოთლებს, რითაც ფერხდება მისი ბუნებრივი ზრდა,მცირდება მოსავალი და პროდუქციის ხარისხი. ამასთან, რაც უფროკონცენტრირებულია სასუქი მით მეტია მოსავლის დანაკარგი.
ზოგი იონი, მაგალითად K+, Na+, Mg2+, Mn2+, შეიძლება არ დაგროვდეს მცენარეში. მძიმე ლითონებს _ თუთიას, კობალტს, ქრომს, ტყვიას, კადმიუმს და სხვებს, ახასიათებთ მცენარეში დაგროვების უნარი.
მცენარეთა ზრდა-განვითარებასა და საკვები ელემენტების შეთვისებაზე დიდ გავლენას ახდენს ნიადაგის არეს რეაქცია. ძლიერ მჟავე ნიადაგებში დიდი რაოდენობით Al3+ იონებია მოძრავ ფორმაში, ხოლო K+,Ca, Mg2+, MoO22-, PO43- იონების შემცველობა მცირეა. ტუტე ნიადაგში პირიქით_რკინა, მანგანუმი, ფოსფატიონები (PO43-) და ზოგიერთი მიკროელემენტი ძნელადხსნად, მცენარისათვის ძნალად შესათვისებელ ფორმაში მოიპოვება, რის გამოც ფერხდება მცენარის კვება.
ბიოსფეროს ყველაზე სახიფათო დამაბინძურებელია აზოტიანი სასუქები: ნატრიუმის გვარჯილა, კალციუმის გვარჯილა, ამონიუმის გვარჯილა, შარდოვანა, ამონიუმის სულფატი. განსაკუთრებით ძლიერ აჭუჭყიანებენ გარემოს ამ სასუქების ნიტრატული ფორმები, რომლებიც მაღალი ხსნადობით და გადაადგილების უნარით ხასიათდებიან და ადვილად ჩაირეცხებიან და გადაირეცხებიან წვიმისა და სარწყავი წყლით, რის გამოც ხშირ შემთხვევაში მათი მაღალი ნორმების გამოყენებისას, შეტანის ვადების, წესებისა და ხერხების დარღვევისას, იმ რეგიონებში, სადაც მაღალია სოფლის მეურნეობის ქიმიზაციის დონე, შეინიშნება სასმელი და გრუნტისწყლების, წყალსატევების და ჩამდინარე წყლების ნიტრატებითდაბინძურება. საკმაოდ დიდია ნიტრატული ფორმის სასუქებიდან აზოტის აქროლებითი დანაკარგიც, რომელიც ხორციელდება მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში დენიტრიფიკაციის პროცესის შედეგად. ამ შემთხვევაში აზოტი შეიძლება დაიკარგოს NO2; NO; N20 და N2 სახით.
ამიაკური ფორმის სასუქებიდან და შარდოვანადან ამიაკის აქროლებითი დანაკარგი პრაქტიკულად არ აღწევს დიდ ზომებს, თუმცა მისი რაოდენობა საგრძნობლად იზრდება აღნიშნული სასუქების ზედაპირული შეტანისას და ნიადაგში ჩაკეთების გარეშე დატოვებისას. აზოტის აქროლებას აზოტიანი სასუქიდან, გარდა წმინდა ეკონომიკური მხარისა, ეკოლოგიური მნიშვნელობაც აქვს, რადგან მისი ნაერთების დიდი რაოდენობით აქროლება საგრძნობლად აბინძურებს ატმოსფეროს.
ინერალური და ორგანული სასუქები და მინერალური სასუქების ნედლეული, ძირითად საკვებ ელემენტებთან ერთად, შეიცავენ მინარევებს, მძიმე ლითონების მარილებს, ორგანულ შენაერთებს, რადიაქტიურ ნივთიერებებს. მინერალური სასუქებისმისაღებად საჭირო ნედლეულები _ ფოსფორიტები, აპატიტები, კალიუმის ნედლი მარილები, როგორც წესი, შეიცავენ 10-5_დან 5%_მდე და მეტი რაოდენობით მინარევებს.
სასუქების არასასურველ მინარევებს მიეკუთვნება, მათ შემადგენლობაში შემავალი ისეთი ბალასტური ელემენტების შემცველობა, როგორიცაა: ფტორი, ქლორი, ნატრიუმი, მძიმე და რადიაქტიური ელემენტები და იშვიათი ლითონები, რომლებიც გარემოს პოტენციურ დამაბინძურებლებს წარმოადგენენ და მკაცრად უნდა იქნენ აღრიცხული მინერალური სასუქების ნიადაგში შეტანის დროს.
მინარევების შემცველობა მინერალურ და ორგანულ სასუქებში ფართო ფარგლებში მერყეობს. მათი შემცველობა ყველაზე მეტია ფოსფორიან სასუქში, ყველაზე მცირე ორგანულ სასუქში.
სასუქების მაღალი ნორმების შეტანისას ბალასტური ელემენტები ნიადაგში გროვდება მნიშვნელოვანი რაოდენობით, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მის თვისებებზე, ნაყოფიერებაზე, მოსავლის ხარისხსა და რაოდენობაზე, გრუნტისა, სასმელი წყლების და წყალსაცავების სისუფთავეზე. სასუქების ბალასტში შემავალ ნივთიერებებიდან ყველაზე საშიშია მძიმე ლითონები Hg, Pb, Cd, As და სხვ. რომელთა დაგროვება არღვევს ბუნებრივ წონასწორობას. მათ შორის ყველაზე ტოქსიკურია პირველი სამი. ისინი გარემოში გარდა სასუქებისა, ხვდებიან როგორც მადნების მომპოვებელ საბადოებიდან, ისე გადამუშავების პროცესში და გადამუშავების შემდეგ დარჩენილი წიდებიდან, რომლებსაც რამდენიმე ჰა ფართობი უკავიათ. ამის გამო მძიმე ლითონებით ბინძურდება არა მარტო წიდის დასაყრელი ადგილები, არამედ მისი მიმდებარე ტერიტორია და ჩამდინარე წყლებიც.
წყარო: “სოფლის მეურნეობის ქიმიზაცია და გარემოს დაცვა”
ავტორები: ა. თხელიძე, რ. ლიპარტელიანი, ნ. მუმლაძე, ხ. ხომასურიძე, გ. დანელია.
გვ.11-დან გვ.13ის ჩთ.
No comments:
Post a Comment