Wednesday, January 29, 2014

ჰაერის დაცვა

საქართველოში ატმოსფერული ჰაერი ავტოტრანსპორტიდან, ენერგეტიკული სექტორიდან, სოფლის მეურნეობის დარგებიდან და სამრეწველო ობიექტებიდან წარმოებული ატმოსფერული გაფრქვევებით ბინძურდება. მათგან ურბანიზებული გარემოს ძირითადი დამბინძურებელია ავტოტრანსპორტი და ენერგოსექტორი. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში იზრდება ავტოტრანსპორტის და ენერგოსექტორის მიერ მოხმარებული საწვავის რაოდენობები და შესაბამისად იზრდება ამ სექტორებიდან მავნე ნივთიერებათა ატმოსფეროში გაფრქვევები.
ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის საერთო გაფრქვევებში პირველ ადგილზეა ნახშირჟანგი (CO), შემდეგნახშირწყალბადები (აონ-აქროლადი ორგანული ნივთიერებანი) ∑CH, მეთანი (CH4), მყარი ნაწილაკები(არაორგანული მტვერი), აზოტის ოქსიდები და ამიაკი.
ატმოსფეროს დაბინძურების მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის ენერგეტიკის სექტორზე, ნახშირწყალბადებზე ანუ აქროლად ორგანულ ნაერთებზე (აონ), ნახშირჟანგზე და მყარ ნაწილაკებზე (მტვერზე). ამ სექტორიდან ატმოსფერულ გაფრქვევათა რაოდენობრივი ცვლილების ხასიათი განპირობებულია აქ მოხმარებული ენერგორესურსების (ქვანახშირი, ნავთი, მაზუთი, ბუნებრივი და თხევადი აირი და ა.შ) რაოდენობრივი ცვლილებების ხასიათით. კერძოდ, 2000-2002 წლებში ქვანახშირის მოხმარება შეადგენდა 11.3-12.7 ათას ტონას, თხევადი აირისა 47.9-54.1 ათას ტონას, ნავთის - 54.5-61.5 ათას ტონას, მაზუთის - 15-17 ათ. ტონას, ბუნებრივი აირის - 382-430.7 მლნ მ3, შეშის - 508182 მ3 წელიწადში, დიზელის საწვავის - 118-203 ათას ტონას, ხოლო 2005 და 2006 წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვანახშირის და ბუნებრივი აირის მოხმარება (75.8 ათ.ტ და 1454.9 მლნ მ3 - 2005 წლისთვის, 138.2 ათ.ტ და 1432 მლნ მ3 - 2006 წლისთვის), ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვანახშირისა და ბუნებრივი აირის მოხმარების მნიშვნელოვანმა ზრდამ შესაბამისად განაპირობა ატმოსფერულ გაფრქვევათა ზრდა.
სოფლის მეურნეობის სექტორიდან ატმოსფერული ჰაერი ძირითადად მესაქონლეობის და მეფრინველეობის დარგების მიერ ბინძურდება. ამ დარგებიდან გამოყოფილი მავნე ნივთიერებების რაოდენობები გაანგარიშებულია ხვედრითი გაფრქვევების მახასიათებლის მიხედვით სათანადო საწყის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით. აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით 2006 წელს შემცირდა ქვეყანაში მსხვილფეხა რქოსანი საქონლის რაოდენობა (მაგ. 2003 წელს იყო 1242.5 ათ. სული, 2004 წელს - 1250.7 ათ.სული, 2005 წელს - 1260.4 ათ. სული, ხოლო 2006 წელს - 1163,6 ათ.სული), რამაც განსაზღვრა ამ სექტორიდან ატმოსფერულ გაფრქვევათა ჯამური რაოდენობის შემცირება.

მრეწველობის სექტორიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ატმოსფეროში გაიფრქვევა მტვერი, შემდეგ - აქროლადი ორგანული ნივთიერებანი (აონ-ები). ამ სექტორიდან ატმოსფერულ გაფრქვევათა რაოდენობრივი ცვლილების ხასიათი განპირობებულია აქ წარმოებული პროდუქციის რაოდენობრივი ცვლილების ხასიათით. 2000 წელს 2001 წელთან შედარებით, გაცილებით მეტი რაოდენობით იყო წარმოებული ამიაკი (2000 წელს - 136.2 ათ.ტ და 2001 წელს - 57.9 ათ.ტ) და ამავდროულად მეტი რაოდენობით იყო ნავთობი მოპოვებული (2000 წელს - 109.5 ათ.ტ და 2001 წელს - 98.8 ათ.ტ), რამაც განაპირობა 2001 წელს წინა წელთან შედარებით CO-ს და აონ-ების ჯამურ გაფრქვევათა რაოდენობის შემცირება.

გარემოს დაცვა


გარემოს დაცვა გულისხმობს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნებას და გარემოს არსებული დაზიანებების აღმოფხვრას. აქ წინა პლანზე დგას ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანის შეზღუდვა.
ცხოველთა და ბუნების დაცვისაგან განსხვავებით, გარემოს დაცვა კონცენტრირდება არა გარკვეული ლანდშაფტების ან ცალკეული საფრთხეში მყოფი ცხოველებისა თუ მცენარეების დაცვაზე, არამედ ზრუნავს ბუნებრივი სასიცოცხლო საფუძვლების ერთი მთლიანობის შენარჩუნებაზე ყველა ცოცხალი არსების კეთილდღეობისათვის.
ადამიანი ცხოველებისა და მცენარეებისაგან განსხვავებით არ არის შეგუებული რომელიმე გარკვეულ გარემო(ცვა)ს, იგი მის გარემოს ტექნიკის დახმარებით თავისი მოთხოვნილებების მიხედვით აფორმირებს, მას შეუძლია ბუნებრივად მოცემული საცხოვრებელი პირობები შეცვალოს რითაც ხშირად არღვევს ეკოლოგიას. გარემოს დაზიანების პირველსაწყისები უძველეს წარსულში უნდა ვეძებოთ, ისინი ჯერ კიდევ 10 000 წელზე მეტი ხნის წინათ, როდესაც ადამიანებმა მიწათმოქმედება და მეცხოველეობა დაიწყეს. ტყეების ქვედა იარუსის მცენარეები შინაურმა ცხოველებმა გადაჭამეს, მიწათმოქმედების წინაპირობების შექმნამ გამოიწვია ფართომასშტაბიანი ეროზიები.
მოგვიანებით ბერძნულ და რომაულ ანტიკურ პერიოდში საწვავი და გემთმშენებლობისათვის საჭირო საშენი მასალების მოსაპოვებლად ხმელთაშუაზღვის აუზში მრავალი მთის ფერდობზე გაიჩეხა ტყე და ამის შედეგად გამოწვეული გახრიოკებული ლანდშაფტების ნახვა დღესაც შეიძლება, მაგრამ იმ დროს ეს ადრეული გარემოს დაზიანებები ძირიათადად რეგიონალურად იყო შემოსაზღვრული, დღეს არსებობს საფრთხე მსოფლიო მასშტაბების ნგრევისა და ამით ასევე ადამიანის სასიცოცხლო საფუძვლების განადგურებისა. ასეთი გლობალური გავლენის მაგალითებია: სათბურის ეფექტი, ოზონის შრის დაზიანება (ოზონის ხვრელი, ოზონის ფენა, ოზონი,კლიმატი), ჯუნგლების განადგურება, მსოფლიო ოკეანის დაბინძურება.
გარემოს დაზიანების ნაციონალური და რეგიონალური შედეგების მაგალითებია: ცხოველთა და მცენარეთა სახეობების გადაშენება, ნიადაგის მოწამვლა, ნიადაგის ეროზია, ნაგვის ( ნარჩენების) მთები, ჰაერში მომწამლავი ნივთიერებების შემცველობის ზრდა, მძიმე მეტალებითა და პესტიციდებით დაბინძურებული საკვები და ზრდადი ხმაური... დღევანდელი გარემო პირობების გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაგვარია: ინდუსტრიული წარმოებისას იხარჯება ნედლეული და ენერგია, წარმოებისას წარმოიქმნება ნარჩენები, ნარჩენი პროდუქტები წამლავენ წყალს, ჰაერს და ნიადაგს, თანამედროვე სოფლის მეურნეობა იყენებს უზარმაზარ მიწის ფართობებს, მიწის განოყიერებისათვის და მცენარეთა დასაცავად გამოყენებული ქიმიური საშუალებები წამლავენ ნიადაგს და წყალს, მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდა იწვევს არა მარტო შიმშილს და სიღარიბეს, ასევე გარემოს განადგურებას, რადგან მეტ ადამიანს მეტი საცხოვრებელი სივრცე და მეტი საკვები სჭირდება. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყნების მოსახლეობა გაცილებით მეტად აზიანებს გარემოს, ვიდრე ღარიბი ქვეყნების მოსახლეობა.
გარემოს დაბინძურება წარმოიშვება არა მარტო ინდუსტრიული წარმოებისას, არამედ გარემოს საყოფაცხოვრებო პირობებში ენერგიის გამოყენებით, გათბობის მოწყობილობათა გამონაბოლქვებით, ისევე როგორც ნაგვითა და ქიმიური ნივთიერებებით(მაგალითად, სარეცხი და საწმენდი საშუალებები) და სასმელი წყლის გაფლანგვით ( არა მომჭირნედ გამოყენებით). ერთ-ერთ ყველაზე ძნელად გადასაჭრელ პრობლემას წარმოადგენს წყლის და ჰაერის დაბინძურება, ენერგიის და ფართობის გადამეტებული გამოყენება, ისევე როგორც ტრანსპორტით გამოწვეული ხმაურის პრობლემა.
განვითარებად ქვეყნებში გარემოს საფრთხეში ჩაგდება ხშირად ეკონომიური იძულებითაა გამოწვეული. ერთი მხრივ ტყიანი მასივების დიდი ფართობების ჩეხვა საძოვრებისა და სახნავ-სათესი ფართოებების მისაღებად, რომელებიც მონოკულტურების მოსაყვანად გამოიყენება, მეორე მხრივ კი - გარემოსათვის მავნე საწარმოების "დასახლებით", რომელებიც ინდუსტრიულ ქვეყნებში ნებადართულიც კი არ არის.

გარემო და ადამიანი


ბუნებრივი გარემო — დედამიწის გარემოს შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ბუნებრივად და ხელოვნურად წარმოქმნილ ელემენტებს და ქმნის ბუნებრივ ლანდშაფტებს. ფართო გაგებით ბუნებრივი გარემოს ნაწილია მთლიანად კაცობრიობა და მასთან დაკავშირებული ბუნებრივი რესურსები, ჰაერი, წყალი, მიწა, ფლორა, ფაუნა. თითოეული ეს ბუნებრივი ელემენტები ერთმანეთთან ურთიერთდამოკიდებულებაში იმყოფებიან.
ბუნებრივ გარემოში ადამიანის სამეურნეო საქმიანობას აქვს როგორც აღმშენებლობითი, ისე დამანგრეველი ხასიათი, რაც ბუნების ყველა ელემენტს — რელიეფს, ჰავას, წყლებს, ნიადაგებს, ორგანულ სამყაროსა და მთლიანობაში ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსებს ეხება.
ადამიანი შეგნებულად ქმნის ხელოვნურ რელიეფს — ყორღანებს, ტერიკონებს, ქვაბულებს, მიწათხრილებს და სხვა. ადამიანის სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოიქმნება ხრამები, მეწყრები, ქვიშის ბორცვები და ა.შ. რაც უარყოფით მოვლენებად ითვლება.
ადამიანი თავისი სამეურნეო საქმიანობით (ტყის გაშენებით ან გაჩეხვით, ჭაობების ამოშრობით, უდაბნოების მორწყვით და ა. შ.) სახეს უცვლის (გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში) ჰავას, რომელზედაც განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს ატმოსფეროს დაჭუჭყიანება. ადამიანი აშენებს სარწყავ სისტემებს, სანაოსნო და ჰიდროენერგეტიკული დანიშნულების არხებს, წყალსაცავებს და სხვა, რითაც მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვს წყლის ბრუნვაში.
სამეურნეო საქმიანობა სახეს უცვლის ნიადაგურ საფარს. მის გაკულტურებასთან ერთად ინტენსიურმა დაშლის და გადარეცხვის პროცესებმა (ეროზია) მსოფლიოს ნიადაგური რესურსები მნიშვნელოვნად შეამცირა.
ადამიანის სამეურნეო საქმიანობამ განსაკუთრებით ღრმა კვალი დაამჩნია აგრეთვე ცოცხალ ბუნებას. მან მოაშენა ფლორისა დაფაუნის მრავალი ახალი სახეობა. ახალი ტერიტორიების ათვისების და მოგზაურობების შედეგად მნიშვნელოვნად შეიცვალა მცენარეთა და ცხოველთა გავრცელების გეოგრაფია. კონტინენტიდან კონტინენტზე გადასახლდა მათი სახეობები, რომლებმაც ზოგან ძლიერ შეავიწროვეს ადგილობრივი მცენარეები და ცხოველები.